ავოკადოს ბლოგი
შესავალი ჯანსაღი კვების სამყაროში
თანამედროვე სამყაროში ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვა დიდი გამოწვევაა.
ყველაზე დიდი პრობლემა დროის უქონლობა და მუდმივად გადარბენის რეჟიმში ყოფნაა. დამღლელი კვირის ბოლოს დასვენების დრო იმდენად ძვირფასია, რომ რთულად გვემეტება სახლში კერძების მოსამზადებლად ან სავარჯიშოდ წასასვლელად. ამის მაგივრად კი ისევ რბილ სავარძელში მოვკალათდებით ხოლმე, საყვარელ ფილმს ვრთავთ და სინდისის ქენჯნით შევექცევით მიტანის სერვისით გამოძახებულ პიცას ან ბურგერს.
თუმცა თუ ბუნებამ დიდი ნებისყოფის უნარით დაგვაჯილდოვა და სწორად კვება გადავწყვიტეთ, აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით: გაუფილტრავი ინფორმაციით სავსე სამყაროს, სადაც სიტყვა დიეტა შიმშილის სინონიმია და, სადაც ერთი ადამიანის კონკრეტული რუტინა წონის კონტროლის უნივერსალურ ფორმულადაა ქცეული.
არც ამ შემთხვევაში ვუკეთებთ რამე კარგს ჩვენს ორგანიზმს – ერთ ქილა მაწონზე ან 3 ცალ ვაშლზე გადაგორებული დღის ბოლოს, ისევ ჩვენს რბილ სავარძელს და საყვარელ ფილმს ვუბრუნდებით გამოძახებული საჭმლით ხელში.
ამ დამაბნეველ დიეტებსა და რუტინებში, საუკეთესო ინდიკატორი სასარგებლო და მავნე პროდუქტების შესახებ საკუთარი ინტუიცია და მინიმალური ცოდნაა. მაგალითად, არსებობს ასეთი ტერმინი “ცარიელი კალოერიები” . ამით იმ საკვებს მოიხსენიებენ, რომელიც ძალიან ცოტა რაოდენობის ან თითქმის არ შეიცავენ საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს.
რჩევა: ასეთი საკვების ამოსაცნობად წაიკითხეთ პროდუქტის აღწერა. თუ ისინი შეიცავენ მყარ ცხიმებსა და შაქარს, ჯანსაღ საკვებთან მათ საერთო არაფერი აქვთ. ასეთი საკვებია: •დაფასოებული ორცხობილები, შოკოლადის ფილა და მსგავსი ტიპის ტკბილეული;
-
გაზიანი, ე.წ. სპორტული და ნატურალური სასმელები, რომლებიც დამატებით შაქარს შეიცავენ;
-
ხორცის ნაწარმი სოსისის, ძეხვისა და ბეკონის სახით;
-
სწრაფი კვების პროდუქტები – პიცა, ბურგერი, კარტოფილი ფრი, მილქშეიკი და სხვა.